ბოსნია-ჰერცეგოვინა სერიოზული მეტოქეა - ზვიად კუპატაძემ ევრო 2022-ს მეორე ტურის მეტოქე შეაფასა #1TVSPORT
ზვიად კუპატაძემ ევრო 2022-ის სტარტზე აზერბაიჯანის ნაკრებთან მოგებაზე (3:2) ისაუბრა. საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანის შეფასებით, ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
„აზერბაიჯანმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ 0:2 ვაგებდით, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაცვიდან თამაში დაიწყეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა „დ“ ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს.
„ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოკლე დროში მოწინააღმდეგეს როგორ გაარჩევ. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინაა, რომელიც ხშირად 5/4-ზე თამაშობს. სერიოზული მეტოქეა, თუმცა მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს კუპატაძე.