ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს

15 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, თითქმის შვიდ საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

სხდომა „ქართული ოცნების“ წევრების გარეშე მას შემდეგ გაგრძელდა, როდესაც უხუცესმა წევრმა 21:00 საათზე სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა. როგორც ანდრო თედიაშვილმა განმარტა, საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებდა თავმჯდომარეებისა და მოადგილეების არჩევას არაუგვიანეს 21:00 საათამდე.

მისივე განმარტებით, რადგან ოპოზიციამ მათ სხდომის ჩატარების უფლება არ მისცა, ამიტომ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმურად მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ოპოზიცია კი თვლის, რომ მათ უფლებამოსილება უკვე აქვთ. მათივე მტკიცებით, თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა ლეგიტიმურად მოხდა.

ბორჯომში საკრებულოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როდესაც დღის წესრიგით საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანას ითხოვდნენ. აღნიშნულ საკითხზე პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გამოთქვა, რომელიც ამტკიცებდა , რომ სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობდა. მის ამ განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც დაეთანხმნენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია.