ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში ირმა ინაშვილს ადანაშაულებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში ირმა ინაშვილს ადანაშაულებს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში ირმა ინაშვილს ადანაშაულებს. როგორც ჩაჩანიძემ განმარტა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა.

როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საკრებულოს თავმჯდომარეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ქართული ოცნების“ თამაშს პატრიოტთა ალიანსი ჩაუდგა სათავეში. ჩვენ ვიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რაც სურდა მოსახლეობას. ხვალ იქნება ფარსი და ამას ყველა ნახავთ. მინდა, მივმართო ბორჯომელებს, ძალიან მაგრები ხართ და დიდი მადლობა თანადგომისთვის. მინდა ყველამ იცოდეს, რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება, საქმე ეხებოდა ორი ფრაქციის შექმნას, რომელიც ბორჯომის რაიონს 300 ათას ლარს დაუზოგავდა, მეორე საკითხი იყო ხელფასების მატება. ზღაპრები თითქოს, კვლავ ოპოზიცია იქნება ბორჯომში სათავეში, სიცრუეა, ხვალ დაინახავს ყველა რეალობა,ს რაც არის. ჩვენ ჩვენი მოსახლეობის პრინციპები გაგვქონდა.

რაც შეეხება იმპიჩმენტის თაობაზე ორი დეპუტატის ხელმოწერას, ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ ტატიანა მარტინენკოსა და მამუკა ლურსმანაშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მოსყიდვითა და ზეწოლით მოაწერინეს ხელი“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მხარდასაჭერად ბორჯომში დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს წევრები ჩავიდნენ.

მათ საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს.

21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა გაცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – “ქართული ოცნების“.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.