ბორჯომის საკრებულოს თანამშრომლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა
ბორჯომის საკრებულოს თანამშრომლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ნონა ლურსმანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის მიერ დაწერილი გაფრთხილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
როგორც ლურსმანაშვილი აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარე მას პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს და გაფრთხილება დაუმსახურებლად, საპირფარეშოში გასვლის გამო დაუწერა.
მოსამართლე გია ბერაიამ ლურსმანაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრთხილება ბათილად ცნო.
გაასაჩივრებს თუ არა ზაზა ჩაჩანიძე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს, თანამშრომლების ნაწილი ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ზაზა ჩაჩანიძე ცდილობს, რომ თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ განცხადება იძულებით დაწერონ.