ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, ხვალინდელი სხდომის ჩატარებას ხელი არ შეუშალონ
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, ხვალინდელი სხდომის ჩატარებას ხელი არ შეუშალონ

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, ბორჯომის საკრებულოს 28 მარტს დაგეგმილი სხდომის ჩატარებას ხელი არ შეუშალონ.

როგორც განცხადების ტექსტშია აღნიშნული, საკრებულოს მუშაობის პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა აღქმული იქნება საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობად.

„ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში ჩამოსვლას (რამდენიმე მათგანი უკვე ბორჯომშიცაა) იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა დაიცვან ბორჯომის საკრებულო, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები და ბორჯომელების ღირსება.

ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს წევრები, ვმოქმედებთ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ვახორციელებთ ჩვენს უფლებამოსილებას, არ ვსაჭიროებთ დაცვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის მხრიდან. გვაქვს უნარი, რომ საქმიან რეჟიმში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, წარვმართოთ 2018 წლის 28 მარტის სხდომა. გაქვს სურვილი, ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს გამართული ფუნქციონირება. გაქვს მიზანი, დავიწყოთ ბორჯომისა და ბორჯომლებისთვის სასიცოცხლო პროექტების განხორციელება. ვმუშაობთ ჩვენი დებულებისა და სინდისის თანახმად და ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით დემოკრატიული პროცესის განვითარებას, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით.

მოგვეცით საშუალება, წარვმართოთ სხდომა, ბორჯომის საკრებულოს დებულების თანახმად. მოგვეცით საშუალება, გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი და მივიღოთ ის გადაწვეტილება, რასაც ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად იღებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ჩარევა (საკრებულოს მუშაობის პროცესში) აღქმული იქნება, როგორც საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა, რაც არადემოკრატიული და უკანონოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

21 მარტს ბორჯომის საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა გაცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – “ქართული ოცნების“.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.