ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 41:13
ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 41:13

წლის პირველ შეხვედრა ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გამართეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმე ბრძოლაში წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რუმინელებს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 41:13 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ამ შეხვედრაში ორი ბონუს ქულა აიღეს.

დუბლი შეასრულა დავით კაჭარავამ, ლელო დადეს ბექა გიგაშვილმა, თედო აბჟანდაძემ  და გიორგი ჭყოიძემ.

ბორჯღალოსნები კვლავ დაეუფლნენ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება.

„ანთიმოზ ივერიელის“თასი ბორჯღალოსნებმა უკვე ცამეტჯერ, ხოლო რუმინელებმა ექვსჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“ ცხრაჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 18:9 გაიმარჯვა.

საქართველო-რუმინეთის მატჩის დაწყებამდე მორაგბეებმა და გულშემატკივრებმა საფრანგეთში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.