„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყეს
„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყეს

„ბორჯღალოსნები“ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობენ და 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრნენ.

პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც „დიდი 10“-ის კლუბების მორაგბეებმა და რამდენიმე ლეგიონერმა გაიარა, გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე გამოაკლდა – ლაშა ტაბიძე, საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და რევაზ ჯინჭველაშვილი.

დანარჩენი მოთამაშეები ანტალიაში 22 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 9 აგვისტომდე დარჩებიან. მწვრთნელები და მორაგბეები უმაღლესი დონის სპორტულ ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილნი არიან და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებს მოსამზადებლად მსგავსი პირობები აქამდე არასდროს ჰქონია.

მზადება ინტენსიურია და „ბორჯღალოსნებს“ დღეში რამდენიმე ვარჯიში აქვთ, შუალედებში კი ვიდეოგანხილვები ტარდება. პირველი ეტაპის შემდეგ, კმაყოფილები არიან ფიზმომზადების სპეციალისტები. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე 20%-ით უკეთ იქნება მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიო თასზე იყო.

თურქეთში „ბორჯღალოსნებს“ ფიზ.მომზადების ახალზელანდიელი სპეციალისტი ფილ ჰილი შეუერთდა, რომელსაც ზურგს 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს და „ჩიფსთან“ ერთად ორჯერ გახდა ზე-რაგბის ჩემპიონი. მას ერთი სეზონი შოტლანდიურ „გლაზგოშიც“ (2017-2018 წლები) უმუშავია, ბოლოს კი ზე-რაგბის კიდევ ერთ ფრანჩაიზში, „ბლუსში“ მუშაობდა. მსოფლიო თასის დასრულებამდე, ის საქართველოს ნაკრების ფიზ.მომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი