ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში ცნობილია
ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში ცნობილია

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა დასახელდა, სადაც სამი დებიუტანტია.

6 მარტს, საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშება. წლევანდელი (და მომავალი წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“.

რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილთან წყვილში ითამაშებს. ამ წყვილმა ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“, ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად – ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში, ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბეკად ირჯებოდა.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ „გლოსთერს“ შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

სამი დებიუტანტი მარქაფაში

სამი დებიუტანტია მარქაფაში – „რასინგ 92“-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, „ბრივის“ მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც.

გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე მეორეხაზელი დავით გიგაური.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

I ტური

6 მარტი. ლისაბონი. 19:00 (საქ. დრო)

პორტუგალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.

დატოვე კომენტარი