„ბორჯღალოსნები“ | მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის პრესკონფერენცია - სამოასთან რთული მატჩი იქნება
12 ნოემბერს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს გამართავს სამოას ნაკრების წინააღმდეგ. მატჩის წინ „ბორჯღალოსნებმა“ ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.
გასულ შაბათს სამოა იტალიასთან 17:49 დამარცხდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები დარწმუნებული არიან, რომ შაბთს ურთულესი თამაში იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, თუ ფიჯი ირლანდიასთან, ხოლო იტალია ავსტრალიასთან დამარცხდა, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდება.
„სრულად გვაქვს გააზრებული, რომ მარტივი თამაში არ გველოდება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სამოა სუსტი გუნდია, მაგრამ ეს ანგარიში მათ რეალურ ძალას არ ასახავს. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო, მე-11 ადგილზე გადასვლის შანსი გვაქვს. რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა გარკვეულ მოტივაციას ესეც გვმატებს. მოკლე კვირა გვქონდა და ეს არჩევანი ჩვენ თავად გავაკეთეთ. მოსამზადებლად პირველი კვირა უფრო მნიშვნელოვანია და ურუგვაისთან თამაში კვირას ჩავნიშნეთ, სამოასთან კი შაბათს. სამხრეთამერიკელებთან თამაშში სისტემური შეცდომები არ გვქონია. ხარვეზები სიჩქარით იყო გამოწვეული. სამოასთან ნებისმიერი ბურთის დაკარგვა საფრთხის მატარებელი იქნება და ამაზე ვიმუშავეთ.
სამოასთან ჩვენი უპირატესობა სისტემური თამაში იქნება. სამოა არეულ თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მეტოქეს შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი ჰყავს და ვფიქრობ, გამარჯვების შანსები თანაბარია“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
„სამოა ძალიან ძლიერი გუნდია, მათი მორაგბეები განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა და ქულების აღება. არეულ თამაშში მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხონ. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ჩვენი უპირატესობა სისტემური თამაში იქნება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის გამო სამოას ვინმე სუსტ გუნდად თუ მიიჩნევს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. როგორც მოთამაშე, ხვალ უფრო რთულ თამაშს ველი, ვიდრე მომავალ კვირაში უელსთან. სამოასთან ომი იქნება! ეს ნაკრები სამჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ეს უდიდესი შრომის ფასად დაგვიჯდა, საკუთარ თავს ვაჯობეთ, ასე უნდა მოვიქცეთ ამჯერადაც, ამაში კი მაყურებლის დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება“ – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.