ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გასამართ ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან #1TVSPORT
ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გასამართ ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან #1TVSPORT

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2 და 9 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.

ინიციატივა საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობის ნაწილია, რომლის შესახებაც მხარეებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. სამხრეთ აფრიკისთვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ეს პირველი თამაშებია. ამას გარდა, 2003 წლის შემდეგ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. რაც მთავარია, მატჩებს რაგბის სამყარო განსაკუთრებით ელოდება, რადგანაც, პანდემიის გამო, არაერთი მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის სპორტულიც, ხანგრძლივად იყო შეჩერებული.

„გადავწყვიტეთ, ეს განსაკუთრებული მოლოდინით სავსე მატჩები გლობალურ გზავნილად გვექცია. უარი ვთქვით სპონსორობაზე, რათა სოციალურ პროგრამებში ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა ახლა უკვე გლობალური ჭრილში გაგვეგრძელებინა. გვინდა, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ნებისმიერ თამაშზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“, – განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.