„ბორჯღალოსნები“ ფიჯისა და საფრანგეთის წინააღმდეგ #1TVSPORT
„ბორჯღალოსნები“ ფიჯისა და საფრანგეთის წინააღმდეგ #1TVSPORT

საქართველოს მორეგბეთა ნაკრები ნოემბერში ფიჯისა და საფრანგეთს ეთამაშება. ნოემბრის ტესტების მესამე მატჩის მეტოქე ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

პირველი რანგის გუნდებთან თამაში ბორჯღალოსნებისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება იქნება, განსაკუთრებით კი მამლებთან საფრანგეთში სტუმრობა.

ფიჯისთან სპარინგი არაერთხელ გვქონია და მათი სათამაშო ტემპი თუ ხელით თამაში მსოფლიოში გამორჩეულია. გარდა ამხანაგური მატჩებისა, ბოლო, 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული შეხვედრაც გვახსოვს, რომელიც ქართველთათვის არასასიამოვნოდ დასრულდა – დიდი სხვაობით დავმარცხდით. პანდემიიდან გამომდინარე ფიჯის ნეიტრალურ მოედანზე შევხვდებით.

რაც შეეხება „ლე ბლეს“ – მსოფლიო თასს მიღმა ეს პირველი დაპირისპირება იქნება და რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ბაჩო ხურციძის თქმით „ისტორიული დატვირთვაც ექნება“.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, რაგბის მსოფლიო თასზე გამართული შეხვედრა დიდი ანგარიშით დავთმეთ 64-7, ამ მატჩის ერთადერთი ქართული ლელო ზვიად მაისურაძის ანგარიშზეა.

დასაზუსტებელი პირველი მეტოქის ვინაობა დარჩა, რომელსაც შინ, სავარაუდოდ 6-7 ნოემბერს ვუმასპინძლებთ.