„ბორჯღალოსნები“ ფიჯის დასვენებული შემადგენლობით შეხვდებიან | იაპონია 2019
„ბორჯღალოსნები“ ფიჯის დასვენებული შემადგენლობით შეხვდებიან | იაპონია 2019

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის მსოფლიო თასზე 3 ოქტომბერს ფიჯისთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

იაპონიაში ჩვენმა გუნდმა უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა, უელსთან 23 სექტემბერს (14:43) და 29-ში ურუგვაისთან (33:7). მეორე მატჩში „ბორჯღალოსნებმა“

ბონუსიც აიღეს და ამჟამად 5 ქულით „დ“ ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. ფიჯისთან მოგების შემთხვევაში, საქართველო იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს და ორი დღით ჯგუფში მეორე ადგილზე გადადის, ოღონდ მეტოქეზე ერთი თამაშით მეტი ექნება ჩატარებული.

ურუგვაის დამარცხებიდან მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ოსაკაში ჩავიდა, სადაც რაგბის უმაღლეს ფორუმზე მესამე თამაშს გამართავს. მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმიც დაასახელეს.

კაპიტანი დაბრუნდა!

ფიჯისთან „ბორჯღალოსნებს“ ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. აგვისტოს მიწურულს, „საუზერნ კინგსთან“ მოსამზადებელ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ის მოედანს ურუგვაისთან დაუბრუნდა, ოღონდ თამაშში მარქაფიდან რამდენიმე წუთით ჩაერთო. ახლა ის გუნდს გაუძღვება და მოედნის ცენტრში დავით კაჭარავას შეუწყვილდება, რომელსაც ურუგვაისთან არ უთამაშია და მომავალ შეხვედრას დასვენებული ხვდება.

ცენტრალური წყვილის გარდა, წინა მატჩებთან შედარებით ხაზში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად ამ მსოფლიო თასზე, თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად 15 ნომრის პოზიციას სოსო მათიაშვილი დაიკავებს, რომელიც ძირითადში ბრუნდება.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე და ის ფრთაზე ბრუნდება. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ფრთის ორივე მოთამაშემ ურუგვაის ლელო გაუტანა.

მარქაფაში 9 ნომრის პოზიციაზეა გელა აფრასიძე. ხაზის მოთამაშეებიდან შეცვლაზე შევლენ ლაშა მალაღურაძე და მირიან მოდებაძე.

როტაცია შერკინებაში

შერკინების ხაზში, როტაციის პრინციპით, ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 7 მორაგბე შეიცვალა და საქართველო იმ ფორვარდებით იწყებს თამაშს, რომლითაც ექვსი ერის გამარჯვებულ უელსს ეთამაშა.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში, ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

2019 წლის მსოფლიო თასი. „დ“ ჯგუფი

3 ოქტომბერი. ოსაკა

საქართველო – ფიჯი (09:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

დატოვე კომენტარი