ბორჯღალოსნები 14 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
ბორჯღალოსნები 14 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთთან მსოფლიო თასს მიღმა, 14 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ.

ისტორიული შეხვედრა 14 ნოემბერს ბორდოში, „სტად მატმუტ-ატლანტიკზე“ გაიმართება. ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან საფრანგეთი ერთადერთია, ვისთანაც მსოფლიო თასს მიღმა ჯერ არ გვითამაშია.

2021 წლის ექვსი ერის მეორეადგილოსანი საქართველომდე „სტად ფრანსეზე“ არგენტინას 6 ნოემბერს ეთამაშება, ხოლო ჩვენ შემდეგ, 20 ნოემბერს „ოლ ბლექსს“ დაუხვდება.

ბორჯღალოსნები „ლე ბლეს“ ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში, მარსელში 58 695 მაყურებლის წინაშე ეთამაშა და მასპინძლებმა 64:7 გაიმარჯვეს. ქართველთაგან ერთადერთი საპასუხო ლელო ზვიად მაისურაძემ 72-ე წუთზე დადო, ხოლო მახო ურჯუკაშვილმა გარდასახვა შეასრულა. მანამდე, 2001 წელს თბილისში საფრანგეთის უნივერსიტეტების ნაკრებს დავუხვდით და 24:20 ვძლიეთ, ხოლო 2018 წლის მაისში „ფრანგ ბარბაროსებს“ დავუხვდით და 16:15 გავიმარჯვეთ.

ვინაიდან საფრანგეთში ქართველი ლეგიონერები მრავლად თამაშობენ, ბორჯღალოსნებს შინაურ გარემოში მოუწევთ თამაში. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რაგბის კავშირთან და ფრანგულ კლუბებთან საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს და ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებს, ადგილობრივ კლუბებთან, ასევე მათ 20-წლამდელთა ნაკრებთან არაერთი ამხანაგური მატჩი გაუმართავს, მათ შორის თბილისშიც (20-წლამდელებს).

„საფრანგეთის რაგბის კავშირთან კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა 2023 წლის მსოფლიო თასის საფრანგეთში ჩატარებას, იცით, რომ მათი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან, ჩვენს 20-წლამდელებს ყოველწლიურად აქვთ თამაშები და ესეც ამ ურთიერთობის ნაწილია. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ წელს პირველად, საფრანგეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან პირველად გავმართავთ ტესტ-მატჩს ბორდოში“, – ამბობს რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე და განაგრძობს:

„ეროვნული ნაკრებების დონეზე მათთან მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია. მომავალი ტესტი უმნიშვნელოვანესია, რასაც ისიც ემატება, რომ ფრანგულ კლუბებში უამრავი ქართველი მორაგბე თამაშობს და საფრანგეთი ჩვენი მოთამაშეებისთვის მთავარი სარაგბო ბაზარია. ამ მორაგბეებისთვის და ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნისთვის, ეს არის თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და სერიოზული გამოცდილება“.

ხურციძემ ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში ბორჯღალოსნებს კიდევ ორი მაღალი დონის თამაში ექნებათ:

„ნოემბერში კიდევ ორი მაღალი დონის ტესტი გვექნება და ამის შესახებ გულშემატკივრებს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ. ეს თამაშები საქართველოში ჩატარდება“.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი