ბორის პისტორიუსის შეფასებით, მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ერთდროულად აქვთ როგორც საკმარისი გავლენა, ისე ურყევი ერთგულება

13:50, 18.09.2026

გერმანიისთვის, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს და ევროპისთვის, რომელიც საკმარისად ძლიერია საკუთარი როლის შესასრულებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მულტილატერალიზმის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის ერთგულმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა გაერო-სადმი, განსაკუთრებით მაშინ როცა ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე რთული ეტაპია.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტზეც ისაუბრა.

„თავიდანვე, ამ ვიზიტის მთავარი თემები იყო მშვიდობის შენარჩუნება და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამავდროულად, ეს ვიზიტი შეეხებოდა სამხედრო უსაფრთხოებას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და საბრძოლო მზადყოფნის მხარდაჭერას – დაწყებული პენტაგონში პიტ ჰეგსეტთან ერთად ვიზიტით, რუსეთთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხების განხილვით და პირველი F-35-ის ტიპის თვითმფრინავის გადაცემით. ეს მიზნები ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, შესაძლოა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში უდიდესი ზეწოლის წინაშე დგას. მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა კი მოითხოვს როგორც ძლიერ თავდაცვით შესაძლებლობებს, ისე დიპლომატიისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ამ ორ მიმართულებას შორის ხიდი უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისივე შეფასებით, მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ერთდროულად აქვთ როგორც საკმარისი გავლენა, ისე ურყევი ერთგულება.

„ამ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ – ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გაერო-ს, ორგანიზაციის ისტორიის უდავოდ ყველაზე რთულ პერიოდში, გზის გაკვლევაში დაეხმარონ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ რთული პერიოდის ბოლოს გაერო უფრო ძლიერი გამოვიდეს – არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანია: მთელ მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის თქმით, აუცილებელია გერმანიამ სამხედრო თვალსაზრისით საკუთარი შესაძლებლობები გააძლიეროს.

„ეს, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, მეორე მხრივ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს და მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო წესრიგს სჭირდება ორგანიზაციები და ვალდებულებების ერთგულება. ჩვენი, როგორც გერმანიის, და ასევე ევროპის პერსპექტივიდან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გერმანიისთვის, როგორც ქვეყნისთვის რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს, და ევროპისთვის, რომელიც საკმარისად ძლიერია საკუთარი როლის შესასრულებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მულტილატერალიზმის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მსგავსი