ბორის პისტორიუსი - დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ამერიკელი ერის მიმართ და 70-წლიანი მოკავშირეობისადმი, მაგრამ პატივისცემა უნდა იყოს ორმხრივი
ბორის პისტორიუსი - დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ამერიკელი ერის მიმართ და 70-წლიანი მოკავშირეობისადმი, მაგრამ პატივისცემა უნდა იყოს ორმხრივი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტრამპმა ბოდიში უნდა მოიხადოს ნატო-ს ჯარისკაცების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ დონალდ ტრამპს ბოდიში მოეხადა ავღანეთში დაღუპული ნატო-ს ჯარისკაცების ოჯახებისთვის.

პისტორიუსის შეფასებით, ტრამპის განცხადება „უბრალოდ უხამსი და შეურაცხმყოფელია“.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ბოდიშის მოხდა იქნებოდა „წესიერების, პატივისცემისა და კეთილგონივრულობის“ ნიშანი.

„მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოქმედებს აშშ-ის პრეზიდენტი“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აპირებს, შექმნილი ვითარება პენტაგონის ხელმძღვანელთან, პიტ ჰეგსეტთან განიხილოს.

„დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ამერიკელი ერის მიმართ და 70-წლიანი მოკავშირისადმი, მაგრამ პატივისცემა უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე პისტორიუსმა გერმანულ გამოცემასთან, „ბილდთან“ განაცხადა, რომ გერმანელი ჯარისკაცები 19 წელი იმყოფებოდნენ ავღანეთში. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 59 გერმანელი ჯარისკაცი და სამი პოლიციელი. ბევრი სამხედრო მოსამსახურე ამ დრომდე მკურნალობს.

ცნობისთვის, 22 იანვარს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან თუ არა აშშ-ს ნატო-ს მოკავშირეები. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს არასდროს სჭირდებოდა ნატო, ხოლო ალიანსის წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცები ავღანეთში ფრონტის ხაზიდან მოშორებით რჩებოდნენ.