ბორის პისტორიუსი - არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა
ბორის პისტორიუსი - არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირეებს, შეიმუშაონ მკაფიო და შეთანხმებული გეგმა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირების შესახებ.

როგორც გერმანული მედია იუწყება, პისტორიუსმა ეს განცხადება ლიეტუვაში, ნატო-ს სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკული ძალების არაორგანიზებულმა გაყვანამ შესაძლოა, ნატო-ს თავდაცვით შესაძლებლობებში სერიოზული ხარვეზები გამოიწვიოს.

„აუცილებელია მოწესრიგებული და დაგეგმილი გასვლა. არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ბერლინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გერმანია ნატო-ს ფარგლებში საკუთარ თავდაცვასა და შეკავების პოლიტიკაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.

პისტორიუსის განცხადებით, გერმანია მზად არის, გააძლიეროს თავისი როლი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემაში და მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.