ბორის კაკუბავა - ხორავას ქუჩის საქმე თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფუჭა, რათა ეთქვათ, რომ ხელისუფლება არის უვარგისი, უპრინციპო და მშიშარა
ბორის კაკუბავა - ხორავას ქუჩის საქმე თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფუჭა, რათა ეთქვათ, რომ ხელისუფლება არის უვარგისი, უპრინციპო და მშიშარა

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ბაბუის, ბორის კაკუბავას განცხადებით, საქართველოში დღეს სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

„ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება. პროკურატურაც, შინაგან საქმეთა სამინისტროც, ხელისუფლებას ემსახურება. არ არსებობს სამართალი და ის, რომ ადამიანმა სიმართლე გაარკვიოს, მაგრამ ამის დროც დადგება“, – განაცხადა ბორის კაკუბავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ბორის კაკუბავას თქმით, ხორავას ქუჩის საქმე „თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფუჭა“.

„ეს საქმე თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფუჭა. ბავშვი, როგორც კი გარდაიცვალა და სახლში მიასვენეს, მივიდა „ნაციონალების“ წარმომადგენელი. ეს ყველაფერი იყო იმისათვის, რომ როგორმე ეთქვათ – ეს ხელისუფლება არის უვარგისი, უპრინციპო და მშიშარა. აჩვენეს ქვეყანას „ნაცებმა“, რომ ეს ხელისუფლება არ არის ღირსი, იყოს სათავეში. მირზა სუბელიანი დაზარალებული იყო და დამნაშავე გახადეს. მირზას შვილი იყო დაზარალებული. არ ვიცი, ახლა ის სად არის, არ მაქვს ურთიერთობა“, – აღნიშნა ბორის კაკუბავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.