ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა 
ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბრისას, ჯონსონმა დაუდასტურა უკრაინას დიდი ბრიტანეთის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ლონდონი გააგრძელებს მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს დაპირდა, რომ იმუშავებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადის მოხსნაზე. ასევე მან მადლობა გადაუხადა ზელენსკის ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს თავისუფლებისთვის, ასევე უკრაინელი ხალხის მეგობრობისა და სიკეთისთვის. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს მისი მტკიცე ქმედებებისთვის უკრაინასთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის მადლობელია.

როგორც ბრიტანეთის პრემიერის ოფისში აღნიშნეს, ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ყველას უყვარს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით კი, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ლიდერს ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღიდან უკრაინის მტკიცე და უკომპრომისო მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ყველამ სევდით მივიღეთ ეს ამბავი. არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ, რომელიც თქვენ მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელია თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა თქვენი პირადი ლიდერობა და ქარიზმა მას განსაკუთრებულს ხდიდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.