ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში ერთ-ერთი პაციენტის მამა დაუპირისპირდა [ვიდეო]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში ერთ-ერთი პაციენტის მამა დაუპირისპირდა.

​როგორც მოქალაქემ ომარ სალემმა პრემიერს უთხრა, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა „განადგურებულია“, სამედიცინო მომსახურება, რომელსაც საავადმყოფოში მყოფი მისი ბავშვი იღებს, მიუღებელია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში ომარ სალემის შვიდი დღის გოგონას მკურნალობენ.

როგორც თავად სალემი „ტვიტერში“ წერს, ის ოპოზიციური „ლეიბორისტული“ პარტიის აქტივისტია.

საავადმყოფოში ბორის ჯონსონთან შეხვედრისას სალემმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

„ეროვნული ჯანდაცვის სისტემა განადგურებულია და ახლა თქვენ მოხვედით აქ მედიისთვის“, -აღნიშნა პაციენტის მამამ. მოგვიანებით, ომარ სალემმა „ტვიტერში“ შვილისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაიხადა, თუმცა აღნიშნა, რომ შვიდი დღის გოგონას ექიმთან მოსახვედრად რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდა.