ბორის ჯონსონმა ლონდონში უინსტონ ჩერჩილის ძეგლის დაზიანების ფაქტს სამარცხვინო უწოდა
ბორის ჯონსონმა ლონდონში უინსტონ ჩერჩილის ძეგლის დაზიანების ფაქტს სამარცხვინო უწოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უინსტონ ჩერჩილის ძეგლის დაზიანების ფაქტს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა.

ლონდონში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე, დემონსტრანტებმა უინსტონ ჩერჩილის ძეგლს საღებავით მიაწერეს, რომ ჩერჩილი რასისტი იყო.

„აბსურდული და სამარცხვინოა, რომ მოძალადე დემონსტრანტების გამო ეროვნული მონუმენტი ახლა რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა „ტვიტერის“ მეშვეობით.

ვანდალიზმის ინციდენტის შემდეგ უინსტონ ჩერჩილის ძეგლი დამცავ ყუთში მოათავსეს.

ბრიტანეთის მასშტაბით აქციის მონაწილეები აშშ-ში პოლიციის ძალადობის შედეგად ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რასობრივი დისკრიმინაცია ბრიტანეთში ჯერ კიდევ პრობლემაა.

დღეს ლონდონში, ჰაიდ პარკში საპროტესტო აქციაზე 500-მდე მონაწილე შეიკრიბა.