ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს
ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

თეთრი სახლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების მხარდასაჭერად მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან ირანის მიერ ერაყი მდებარე ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო დარტყმები განიხილა და აშშ-ის პრეზიდენტს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სიტყვით გამოსვლისას დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ირანთან ბირთვული შეთანხმებისგან გამიჯნვისკენ და ახალ შეთანხმებაზე მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ ირანთან ისეთი შეთანხმების შემუშავებისკენ, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხო და უფრო მშვიდობიან ადგილად აქცევს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დატოვე კომენტარი