ბორის ჯონსონის მთავრობა „ბიბისის“ დაფინანსების წესების გადახედვას გეგმავს
ბორის ჯონსონის მთავრობა „ბიბისის“ დაფინანსების წესების გადახედვას გეგმავს

ბორის ჯონსონის მთავრობას „ბიბისის“ დაფინანსების წესების გადახედვა სურს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსერვატორების მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა „ბიბისის“ მიერ „ბრექსიტისა“ და არჩევნების პროცესის გაშუქების გამო.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გასცა განკარგულება, რათა ფინანსურმა უწყებებმა სალიცენზიო გადასახადისგან თავის არიდებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმების შესაძლებლობა შეისწავლონ. „ბიბისი“ სწორედ სალიცენზიო გადასახადებიდან შემოსული თანხით ფინანსდება. აღნიშნული გადასახადი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქეს არ აპატიმრებენ, თუმცა მას ჯარიმის გადახდა უწევს.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გათვლებით, თუ ჯონსონის ინიციატივა ამოქმედდება, მაშინ „ბიბისი“ წელიწადში საშუალოდ 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს.

„უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა, როდესაც საქმე ერთი მედიაორგანიზაციის დაფინანსებას ეხება, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა მედიაორგანიზაციები საკუთარ ხარჯებს თავად ფარავენ“ , – განაცხადა ბორის ჯონსონმა არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კულტურის, სპორტისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მინისტრად ნიკი მორგანი დანიშნა. მორგანმა ჯერ კიდევ სექტემბერში თქვა, რომ „ბიბისის“ დაფინანსების მოდელის შეცვლის წინააღმდეგი არ არის.

სალიცენზიო გადასახადს დიდი ბრიტანეთში ყველა მოქალაქე იხდის, ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს. წლიური გადასახადი ერთი მოქალაქისთვის 52-დან 154 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.