ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო პასუხი არ მოსთხოვა
ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო პასუხი არ მოსთხოვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა „საშინელი შეცდომა“ დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო „პასუხი არ მოსთხოვა“.

„ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება გადამწყვეტია კრემლის მხრიდან „ბულინგის დასასრულებლად“.

მისივე თქმით, ეს პროცესი მტკივნეული იქნება.

„როდესაც პუტინი უკრაინაში პირველად შეიჭრა, 2014 წელს, დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა. რუსეთის ლიდერმა ძალადობრივი აგრესიის აქტი ჩაიდინა, სუვერენული ქვეყნის დიდი ნაწილი დაისაკუთრა და ჩვენ ეს დავუშვით“, – წერს ბორის ჯონსონი.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტის ზრდის შესახებ გაიმართება მოლაპარაკება.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს.