ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს პასუხობს - ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 12 პროცენტი დღემდე ჩეჩმით სარგებლობს
ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს პასუხობს - ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 12 პროცენტი დღემდე ჩეჩმით სარგებლობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ „ფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ჯონსონის პასუხი „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა.

კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის იმ გამონათქვამს უპასუხა, რომელშიც რუსეთის ლიდერმა მსოფლიოში ლიბერალიზმის კრიზისზე ისაუბრა.

ჯონსონი წერს, რომ პუტინის ფრაზა, „ეკონომიკური ფაქტები ცხადყოფს, რომ ლიბერალიზმმა საკუთარი თავი ამოწურა“ – სრული სისულელეა და რომ ბრიტანელები ამას 31 ოქტომბერს ბრექსიტით დაამტკიცებენ.

„ვლადიმერ, მსოფლიოში არსებობს ზოგიერთი ქვეყანა, სადაც კაპიტალს განაგებენ ოლიგარქები და ლიდერთან დაახლოებული პირები, ჟურნალისტებს ესვრიან, „ლიბერალურ ღირებულებებს“ დასცინიან, ხოლო „როსსტატის“ მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის მესამედს არ აქვს საშუალება, წელიწადში ორზე მეტი ფეხსაცმელი იყიდოს, 12 პროცენტი კი, ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმით სარგებლობს, ხოლო რეალური შემოსავლები უკვე ხუთი წელია, არ იზრდება. საზოგადოებრივ, პოლიტიკური თავისუფლებასა და გრძელვადიან და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. კორუფცია, დანაშაული და კლეპტოკრატია მუდამ ახრჩობს ეკონომიკის განვითარებას“, – წერს ბორის ჯონსონი.

ამავე სტატიაში ლონდონის ყოფილი მერი მოუწოდებს ბრიტანელებს, დაამტკიცონ, რომ ლიბერალიზმი ცოცხალია და ამიტომ ხმა დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.