ბორის ჯონსონი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი იქნება
ბორის ჯონსონი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა შესაძლოა, ახალი ჩეჩნეთი მიიღოს.

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსეთის 60 საბრძოლო ჯგუფი იმყოფება, რომლებიც მზად არიან ელვისებური დარტყმის განსახორციელებლად. მისი თქმით, კრემლს მკაფიოდ უნდა გააგებინონ, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება.

გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტზე მუშაობს და პარალელურად უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდის.

უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის გამო, დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. გასულ დღეს კი, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანას ცდილობს, კანდიდატად კი, ყოფილ უკრაინელ დეპუტატ ევგენი მურაევს განიხილავს.

დატოვე კომენტარი