ბორის ჯონსონი - პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის
ბორის ჯონსონი - პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის

პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გამოცემა Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დიდების შესახებ ვლადიმერ პუტინის ხედვა განხორციელდება. დავუშვათ, რომ მას მიეცა უფლება, შეინარჩუნოს უკრაინის ყველა ის რეგიონი, რომელიც ახლა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება. რა მოხდება, თუ თითს არავინ გაანძრევს, თუ ის მოახდენს დაპყრობილი ტერიტორიის და მისი დაშინებული მაცხოვრებლების ანექსირებას დიდ რუსეთში? მოიტანს ეს მშვიდობას? იქნება მსოფლიო უფრო უსაფრთხო? იქნებით თქვენ უსაფრთხოდ? გულის სიღრმეში ჩვენ ყველამ ვიცით პასუხი“, – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.

ჯონსონის თქმით, რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება.

„გასულ კვირაში მან თავი პეტრე პირველს შეადარა და რუსეთს მიაკუთვნა მარადიული უფლება, დაიბრუნოს ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც ოდესმე დასახლებული იყო სლავებით – ასეთი დოქტრინა შესაძლებელს გახდის ევროპის დიდი ნაწილის დაპყრობას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

ჯონსონი მოკავშირეებს მოუწოდებს, არ მოდუნდნენ და მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.

„შეიძლება, პუტინი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ მისი გრანდიოზული იმპერიული გეგმა, უკრაინის სრულად დაპყრობის შესახებ, ჩავარდა. ალბათ, პუტინს სჯერა, რომ დრო რუსეთის მხარესაა. ის ფიქრობს, რომ სამხედრო ძალაში უპირატესობის დაუნდობელი ლოგიკა საბოლოოდ გაიმარჯვებს, ხოლო თავქარიანი დასავლეთი ვერ გაუძლებს რთულ კურსს“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის სტატიაში.

ბორის ჯონსონი მოკავშირეებს მოუწოდებს, გააკეთონ ოთხი რამ: გააგრძელონ უკრაინის უზრუნველყოფა იარაღით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და წვრთნებით, რათა მან საკუთარი საბრძოლო პოტენციალი განავითაროს უფრო სწრაფად, ვიდრე აგრესორმა; შეინარჩუნონ უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა; პორტების ბლოკადის პირობებში მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო მარშრუტების შემუშავება და დაგროვილი მარცვლეულის მარაგების გატანაში უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა.

„არც ერთი ეს ნაბიჯი არ გამოიღებს მყისიერ შედეგს, თუმცა სურსათის ექსპორტის აღდგენის აუცილებლობა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ყველა მათგანი მოითხოვს მიზანმიმართულ ძალისხმევას გაერთიანებული სამეფოსა და მოკავშირეების მხრიდან და ეს გაგრძელდება მრავალი თვისა და წლის განმავლობაში. ისინი ყველა ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. ჩვენ უნდა გავამყაროთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების პოზიცია, რათა მათ შეძლონ ომის დასრულება იმ პირობებით, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ წამოაყენა. ასე უნდა განისაზღვროს წარმატება“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.