ბორის ჯონსონი - მანიფესტანტები, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მანიფესტანტები, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, რასიზმის წინააღმდეგ აქციები მშვიდობიანად გამართონ და კანონის ჩარჩოს არ გასცდნენ. ჯონსონის განცხადებით, „მთავრობა ვერ მოახდენს მოქალაქეებში დაგროვილი უსამართლობის შეგრძნების იგნორირებას, რაც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა გაამძაფრა“.
„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ისინი, ვინც თავს ესხმიან სახელმწიფო ქონებას, ვინც აზიანებს პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ისინი აზიანებენ არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ იმ საქმეს, რომლისთვისაც იბრძვიან“, – განაცხადა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები აქცოებს ნდობას უკარგავენ,
„მე არ დავუჭერ მხარს მათ, ვინც არ იცავს წესებს და სოციალური დისტანციის დაცვას არაფრად აგდებს, რადგან არსებობს ვირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხე. ეს ხდება კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. მე არ დავუჭერ მხარს და არ ვაპატიებ კანონის დამრღვევ ადამიანებს, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას ან ვანდალიზმით არიან დაკავებული“, – განცახადა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ უქმე დღეებში ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რომელთა ნაწილიც არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრაციებს 137 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. დაკავებულია 135 ადამიანი. 35 პოლიციელი შეტაკებების დროს დაშავდა.