ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა
ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი გზავნილია: უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – აღნიშულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდზე.

ბორის ჯონსონის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა.

„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვხვდები ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს. ბორის, გმადლობთ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნისადმი უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის! უკრაინას გაუმართლა ასეთი მეგობარი რომ ჰყავს!“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა.

„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონისთვის ორდენის გადაცემისას.