ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

მანამდე ის იმყოფებოდა ბუკინგემის სასახლეში, სადაც დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, მას მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა.

დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედ ტერეზა მეის სიმტკიცისა და მოთმინებისთვის.

ბრექსიტზე საუბრისას, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გავა. მისი თქმით, ევროკავშირის დატოვების არჩევანი იყო ბრიტანელი ხალხის ფუნდამენტური გადაწყვეტილება. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სურს, ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, თუმცა კვლავ მზად არის ხისტი ბრექსიტისთვის.

„ჩვენ გვექნება ახალი შეთახმება, უკეთესი შეთანხმება“, – აღნიშნა ჯონსონმა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ახალ პარტნიორობას განავითარებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას ირლანდიურ საზღვარზე საკონტროლო პუნქტების გარეშე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. თუმცა მისი თქმით, ლონდონი უნდა იყოს მზად ბრიუსელთან მოლაპარაკებების ხელახლა წარმოებაზე.

„დიახ, იქნება სირთულეები, თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად დააზარალა ბიზნესის ნდობა, არის არა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ჯონსონმა.

„დროა შევხედოთ არა რისკებს, არამედ ჩვენს წინ არსებულ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.