ბორის ჯონსონი - გაერო-ს კლიმატის სამიტი თამაშის წესების შემცვლელი კონფერენცია იყო
ბორის ჯონსონი - გაერო-ს კლიმატის სამიტი თამაშის წესების შემცვლელი კონფერენცია იყო

გაერო-ს კლიმატის სამიტი თამაშის წესების შემცვლელი კონფერენცია იყო, სადაც ნახშირის ენერგიისთვის სასიკვდილო ზარი გაისმა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნახშირის შეთანხმებაზე ბევრი საუბარი იყო მას შემდეგ, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა მხოლოდ ნახშირის ენერგიის შემცირების და არა ნახშირზე უარი თქმის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, გლაზგოში ჩატარებული კლიმატის სამიტი ფანტასტიკური მიღწევაა, თუმცა კონფერენციის მიმართ მისი რეაქცია „იმედგაცრუებითაა გაფერადებული“.

ჯონსონის თქმით, საბოლოო ჯამში, ქვეყნებმა უნდა აიღონ საკუთარი ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და მასპინძელ ქვეყანას არ შეუძლია, აიძულოს სუვერენული ქვეყნები, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არ სურთ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამიტმა მოახერხა გლობალური დათბობის ტემპის შენელება, თუმცა მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის შემდეგ კაცობრიობა სწორი მიმართულებით მიდის.