ბორის ჯონსონი - ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთის აგრესიის გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ, რა მოხდა საქართველში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს
ბორის ჯონსონი - ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთის აგრესიის გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ, რა მოხდა საქართველში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთის აგრესიის გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ, რა მოხდა საქართველში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

„ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მეორე ლოყას ვუშვერდით. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ გაფრთხილებული არ ვიყავით. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წელს, სოლსბერის ქუჩებშიც კი და მე ვიცი ჩემი პოლონელი და ესტონელი კოლეგებისგან, თუ რა სიმწვავით გრძნობენ ისინი საფრთხეს“, – წერს ბორის ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, ახლა დადგა დრო, რომ დასავლეთმა აქტიურად დაიცვას მსოფლიო წესრიგი, რუსეთის მცდელობებისგან, ძალის გამოყენებით გადაწეროს ეს წესები.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეფექტური შეკავება ევროპაში, სადაც ნატო-ს წარმატება და აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დიდი ხნის განმავლობაში აჩენდა თვითდამშვიდებას. ის, რაც ხდება ევროპაში, ზეგავლენას იქონიებს მთელ მსოფლიოზე“, – წერს ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია უკრაინის დასახმარებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის ფორმირება. მისივე თქმით, ამ მიზნით ის მოლაპარაკებას გამართავს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ლიდერებთან.

ასევე, ჯონსონის თქმით, ასევე აუცილებელია მეტი ძალისხმევა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის პრემიერი წერს, რომ დასავლეთმა უნდა აირიდოს თავიდან რუსეთთან ურთიერთობების „მცოცავი გაუმჯობესება“.

„2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის გაკვეთილი გვასწავლის, რომ რუსეთის აგრესიის მიღება, იწვევს მეტ აგრესიას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კრემლმა მოაკბიჩოს დამოუკიდებელ ქვეყანას დიდი ნაწილი და მიაყენოს უზარმაზარი ადამიანური ტკივილი და შემდეგ ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ ადგილს“, – წერს ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასევე აუცილებელია დიპლომატიის გააქტიურება, თუმცა უკრაინის მაქსიმალური ჩართულობით. მისივე თქმით, ასევე საჭიროა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერება.

„ეს მოიცავს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და ასევე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც პოტენციურად იმყოფებიან რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე. ეს ქვეყნებია მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – წერს ბორის ჯონსონი სტატიაში.