ბორის ჯონსონი - ამერიკა დაბრუნდა როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი
ბორის ჯონსონი - ამერიკა დაბრუნდა როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი

ამერიკა დაბრუნდა როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, კონფერენცია ვირტუალურ ფორმატში გაიმართა და მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ფორუმის მთავარი თემა ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება გახდა.

„ამერიკა უპირობოდ დაბრუნდა როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი. ეს ფანტასტიურია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მათ მოკავშირეებს, ატლანტიკის მეორე მხარეს სურთ და შეუძლიათ, გაიზიარონ მსოფლიოს ურთულესი პრობლემების მოგვარების რისკები და ტვირთი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

სიტყვით გამოსვლისას ბორის ჯონსონი ასევე მიესალმა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებას.

მიუნხენის კონფერენცია პირველი საჯარო საერთაშორისო ღონისძიება გახდა, რომელშიც ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და მზადყოფნა გამოთქვა, ევროპასთან ერთად იმუშაოს გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

„ჩემი მკაფიო გზავნილი მსოფლიოსადმი არის ის, რომ ამერიკა დაბრუნდა. ტრანსატლანტიკური ალიანსი დაბრუნდა და ჩვენ არ ვიყურებით უკან. ჩვენ ვიყურებით წინ ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეცვლიდა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მიდგომას, რომლის ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.