ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სტრატეგიული შეკავების ძალების მზადყოფნაში მოყვანა არის ყურადღების გადატანა იმ რეალობიდან, რაც უკრაინაში ხდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სტრატეგიული შეკავების ძალების მზადყოფნაში მოყვანა არის ყურადღების გადატანა იმ რეალობიდან, რაც უკრაინაში ხდება. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბორის ჯონსონმა შეაქო უკრაინელები, რომლებიც, მისი თქმით, იბრძვიან უფრო დიდი წინააღმდეგობით, ვიდრე ამას კრემლი ელოდა.
„ის, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, სრული კატასტროფაა“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად აფასებს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებს, რადგან მისი თქმით, ის ვერ ხედავს, რომ პუტინის შეთავაზება გულწრფელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი დღეს ლონდონში უკრაინულ კათოლიკურ ეკლესიაში მივიდა.