ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა უკრაინის მისამართით აგრესია არ დაუშვას

11:28, 07.12.2021

ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა უკრაინის მისამართით აგრესია არ დაუშვას. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ჯონსონის, აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპის სამი სახელმწიფოს ლიდერთან, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.

„ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, შეამციროს დაძაბულობა და დაადასტურეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი გააგრძელებს ეკონომიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა წინ აღუდგეს რუსეთის ნებისმიერ აგრესიას უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჯონსონის კანცელარიაში განაცხადეს, აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ შედგება ბაიდენისა და პუტინის ონლაინშეხვედრის შემდეგ.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

მსგავსი