ბორის ბეკერს ციხიდან როლან გაროსის მატჩების კომენტირება შესთავაზეს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების ექვგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ბორის ბეკერმა, შესაძლოა, ციხიდან საჩოგბურთო მატჩების კომენტირების საშუალება მიიღოს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Blick-მა.
წყაროს ცნობით, ტელეარხი Eurosport მოლაპარაკებებს აწარმოებს ბეკერის ადოკატებთან. თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, საკანში მოაწყობენ სტუდიას, საიდანაც გერმანელი შეძლებს როლან გაროსის მატჩების კომენტირებას.
2017 წელს ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა, მაგრამ შემდეგ გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ იმ მომენტისთვის ყოფილ ჩოგბურთელს დამატებითი საკუთრება ჰქონდა. გერმანელს ოთხი პუნქტით წაუყენეს ბრალი, ორწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ახლა, 54 წლის ბეკერი სასჯელს ლონდონში უანდსვორტის ციხეში იხდის.