„ბორდოს“ ვეტერანი - დავითაშვილმა გუნდს დინამიკა შემატა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბორდოს“ ვეტერანი - დავითაშვილმა გუნდს დინამიკა შემატა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბორდოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან-მარკ ფერატმა, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებშიც უთამაშია, ბოლო ტურში „ლავალი“-„ბორდოს“ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილის მოსვლამ გუნდს დინამიკა შემატა.

„გუნდში მოსულებიდან ზურიკო დავითაშვილს გამოვარჩევ, ის ყველაზე მაღლა დგას, რადგან ვფიქრობ, მან შეტევას დინამიზმი შემატა. ამავე დროს, ის ნათელი გონების ფეხბურთელია, რომელიც სულ გამწვავებას ცდილობს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი გოლი ჯოშ მაიამ გაიტანა, მაგრამ ვფიქრობ, ზურიკო დავითაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დინამიური იყო. მან დიდი გავლენა მოახდინა, ბოლოს „ლავალის“ დაცვა რომ გატყდა“, – ამბობს ჟან-მარკ ფერატი girondins4ever-თან ინტერვიუში.

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ თამაში კარგად დაიწყო – საქართველოს ნაკრების შემტევმა პირველივე შეხვედრაში „დიჟონთან“ გატანილი გოლით გუნდს მოაგებინა, მეორე შეხვედრაში „ლავალთანაც“ (2:1) გამორჩეული იყო და 1:1-ზე გაკეთებული საგოლე გადაცემით გუნდს გასვლაზე 3 ქულა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა.

69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, დავითაშვილმა მოედნის ცენტრში დაწყებული შეტევა მარცხენა ფლანგზე გააგრძელა, თანაგუნდელთან ბურთის გათამაშების შემდეგ საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და ჰონდურასელ თავდამსხმელს, ალბეტ ელისს ქუსლით გაკეთებული ეფექტური პასით გაატანინა.

„ბორდო“, რომელიც მთავარ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 10 ტურის შემდეგ 20 ქულით „ამიენთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა 2 შეხვედრაში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.