ბომონტი „საკურებს“ დააწინაურებს - იაპონია პირველი რანგის ქვეყანა გახდება
ბომონტი „საკურებს“ დააწინაურებს - იაპონია პირველი რანგის ქვეყანა გახდება

„მსოფლიო რაგბის“ ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ბილ ბომონტი იაპონიას პირველი რანგის ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

იაპონურ ვებგვერდ „ნიკეირაგბი“-ს (Nikkei Rugby) ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო უახლოეს დღეებში გახდება.

ეს იაპონური რაგბისთვის ახალი ეტაპია. არგენტინის მსგავსად, რომელმაც პირველი რანგის ქვეყნის სტატუსი 2007 წელს მოიპოვა და შემდეგ, 2012 წელს – „რაგბი ჩემფიონშიფ“-საც დაემატა, იაპონაც ანალოგიურ სიახლეებს უნდა ელოდეს.

იაპონიას და ფიჯის ყოველწლიურ ტურნირში ჩართავენ, თუმცა ამისთვის „გლობალური სეზონი“-ს შემოღება იქნება საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნები ადგილობრივ სეზონს ერთ დროს დაიწყებენ და დაასრულებენ.

იაპონია პირველი რანგის მე-11 ქვეყანა გახდება. „ექვსი ერი“-ს და „რაგბი ჩემფიონშიფი“-ს მონაწილებს ეს სტატუსი უკვე ჰქონდათ (ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი, არგენტინა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია).

აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერმინი „პირველი რანგის“ და „მეორე რანგის“ ქვეყნები ხმარებაში აღარ იქნება. მათ ნაცვლად, გამოიყენებენ ტერმინებს „დამკვიდრებული სარაგბო ერი“ და „მზარდი სარაგბო ერი“.