ბოლქვაძემ ეგვიპტური ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ ეგვიპტური ტურნირი მოიგო

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) 15 000-იანი ტურნირი გაიმართა, რომლის წყვილთა თანრიგში ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ გაიმარჯვა. მისი პარტნიორი ჩეხი ბარბორა სტეფკოვა იყო.

ბოლქვაძე და სტეფკოვა განთესილები არ ყოფილან, ამიტომაც საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ. ყველაზე მეტად პირველ წრეში გაუჭირდათ, როცა სამი სეტი დასჭირდათ მეოთხე ნომრად განთესილი სლოვენიელისა და ამერიკელის – კოლარჟისა და რაილის დასამარცხებლად (2:6, 6:3, 10:6). ამის შემდეგ, ბოლქვაძესა და სტეფკოვას სეტი აღარ წაუგიათ.

ნახევარფინალში ქართულ-ჩეხურმა დუეტმა მეორე ნომრად განთესილ წყვილს მოუგო, ფინალში კი კოლუმბიელ დებს – მარია პაულინა და პაულა ანდრეა გარსიებს აჯობეს – 6:2, 7:6(6).

ბოლქვაძე ეგვიპტეში ერთეულთა ტურნირშიც თამაშობდა და ორი ბარიერი გაიარა – რუს მარგარიტა სკრიაბინასა და იტალიელ დალილა სპიტერის მოუგო (ორივეს ერთნაირი ანგარიშით – 6:2, 6:1), მაგრამ მეოთხედფინალში წააგო სლოვენიელ ნასტია კოლარჟთან – 6:7(4), 2:6.