ესპანეთი-მაროკო
25 ივნისი. კალინინგრადი. სტადიონი “კალინინგრადი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)
ირანი-პორტუგალია
25 ივნისი. სარანსკი. სტადიონი “მორდოვია-არენა”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)
ესპანეთის ნაკრები, ფაქტობრივად, პლეი ოფშია – არსებობს ვარიანტები, როცა ამ გუნდს წაგებაც კი არ შეუშლის ხელს მერვედფინალის საგზურის მოპოვებაში. ფრე კი ჯგუფში მეორე ადგილის გარანტიას იძლევა.
მაროკოს ნაკრებმა სიმპატიური თამაში აჩვენა, მაგრამ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 0:1 წააგო. და თუ ესპანეთი მოგებაზე ითამაშებს, დიდი ალბათობით, მაროკოელებს მესამე წაგება ექნებათ.
ფურცელზე გაცილებით საინტერესოდ მოჩანს ირანისა და პორტუგალიის მატჩი. ირანმა სასტარტო მატჩებში სამი ქულა მოიპოვა, პორტუგალიამ – ოთხი, ამიტომაც, არსებობს სენსაციის ალბათობა, რომელიც ევროპის მოქმედ ჩემპიონს პლეი ოფის მიღმა დატოვებს.
ტურის ინტრიგა – აირჩევენ თუ არა ესპანეთი და პორტუგალია პლეი ოფის მეტოქეებს
ბოლო ტურის მატჩები ერთ დროს გაიმართება. B ჯგუფის გუნდებს ის უპირატესობა ექნებათ, რომ უკვე ეცოდინებათ A ჯგუფის საბოლოო შედეგები, შესაბამისად, შეეძლებათ მერვედფინალში მეტოქის “არჩევა”.
ესპანეთსა და პორტუგალიას იდენტური მაჩვენებლები აქვთ, ამიტომაც, პირველ ადგილს დაიკავებს ის, ვინც ბოლო ტურში უკეთ ითამაშებს. არსებობს ვარაუდი, რომ B ჯგუფის ფავორიტები შეეცდებიან თავიდან აიცილონ ურუგვაისთან შეხვედრა.
წინა ტურების მატჩები
ესპანეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 0:1 რონალდუ (4-პენალტით), 1:1 დიეგო კოშტა (24), 1:2 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 3:2 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)
მაროკო-ირანი 0:1
გოლი: 0:1 ბუჰადუზი (90+5-ავტოგოლი)
პორტუგალია-მაროკო 1:0
გოლი: 1:0 რონალდუ (4)
ირანი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (54)
ახალი ამბები
ირანს არ ეყოლება “ოლიმპიაკოსის” მცველი ეჰსან ჰაჯსაფი, რომელმაც ესპანეთთან ტრავმა მიიღო. მას მილად მოჰამადი შეცვლის.
პორტუგალიაში ეჭვქვეშაა ჟოაო მოუტინიოს თამაში. მცირე ტრავმა მოირჩინა რაფაელ გერეირომ.
სავარაუდოდ, ესპანეთის ძირითადში დაბრუნდება კოკე, რომელიც ირანთან მატჩში ლუკას ვასკესით ჩაანაცვლეს.
მაროკომ, რომელიც უკვე გამოეთიშა ტურნირს, შესაძლოა, როტაციას მიმართოს და პირველად გამოჩნდნენ ძირითადში – სოფიან ამრაბატი, ელ-ნესირი და კარსელა.
ურთიერთშეხვედრები
ირანი და პორტუგალია მეორედ ხვდებიან ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წელს, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი პირველი გოლი მსოფლიოს თასზე სწორედ ირანს გაუტანა. ის მატჩი პორტუგალიამ 2:0 მოიგო.
მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში ესპანეთმა ორჯერ მოუგო მაროკოს – 1:0 და 3:2.
საინტერესო ფაქტები
– ირანს არასოდეს მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდებისთვის (+0=1-6).
– ესპანეთთან წაგებით, შეწყდა ირანის 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია.
– პორტუგალიას აზიურ გუნდებთან ოთხიდან სამი მოგება აქვს.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიის ბოლო 5 გოლი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.
– რონალდუს ამ ჩემპიონატზე ზუსტი დარტყმების 100-პროცენტიანი გამოყენება აქვს – 4 დარტყმიდან 4 გოლი.
– ესპანეთს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+15=7-0).
– ესპანეთს აფრიკულ გუნდებთან ოთხიდან სამი მოგება აქვს.
– ესპანეთს ზედიზედ 8 ჩემპიონატზე აქვს მოგებული ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი.
– ორი ტურის შემდეგ, ესპანეთი ლიდერობს ჩემპიონატს ზუსტი პასების რაოდენობით – 1385.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 6 წაგებულ მატჩში, მაროკო ყოველთვის მეტოქეებზე მეტ დარტყმას ასრულებდა.
რა თქვეს მწვრთნელებმა
კარლუშ კეირუში (ირანი):
“ეს არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ირანულ ფეხბურთში ჩემი რვაწლიანი მუშაობის პერიოდში”.
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია):
“მე ვნახე ირანელთა ყველა მატჩი შესარჩევ ტურნირზე: 10 მატჩიდან 9 მოგება. ასე რომ, ეს გუნდი ძლიერია. მის შემადგენლობაში არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში თამაშობენ. ხვალ, კარგი სანახაობრივი მატჩი იქნება. ორივე გუნდს მოგება უნდა. მზად უნდა ვიყოთ დაძაბული ბრძოლისთვის, თუმცა, ვფიქრობ, ვენ გავალთ მერვედფინალში”.
ფერნანდო იერო (ესპანეთი):
“სრულიად ცხადია, რომ ჩვენი ამოცანა – სამი ქულის აღება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ეს მატჩი რთული იქნება. ყოველთვის ძნელია მესამე მატჩის კარგად თამაში. ამასთან, არ იცი, როგორ იმოქმედებს მეტოქე. ამიტომაც, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად უნდა ვიყოთ”.
სავარაუდო შემადგენლობები
ირანი: ბეირავანდი – რეზაეიანი, პურალიგანჯი, ჰოსეინი, ჰაჯსაფი – ებრაჰიმი, ეზათოლაჰი – ანსარიფარდი, თარემი, ამირი – აზმუნი.
პორტუგალია: რუი პატრისიო – სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტი, რაფაელ გერეირო – ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო – ბერნარდო სილვა, ჟოაო მარიო – გონსალო გედეში, კრიშტიანუ რონალდუ.
ესპანეთი: დე ხეა – დანიელ კარვახალი, პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა – ბუსკეტსი – ლუკას ვასკესი, დავიდ სილვა, ინიესტა, ისკო – დიეგო კოშტა.
მაროკო: მუნირი – დირარი, ბენატია, და კოსტა, აშრაფი – ელ აჰმადი – ნ. ამრაბატი, ბელანდა, ბუსუფა, ზიეჩი – ბუტაიბი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!