ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ახალი პაციენტის კოვიდინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ახალი პაციენტის კოვიდინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის

დადგენილია მამაკაცის კონტაქტები, რომელსაც ბოლონისის მუნიციპალიტეტიდან ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, რეგიონში სულ ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

„ბოლო ფაქტი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ სავანეთიდან მამაკაცი, რომელთანაც კავშირები დადგენილი გვაქვს, თუმცა წყარო დადასტურებული არ არის. წყაროს ვეძებთ. ეს 27 კონტაქტი თვითიზოლაციაშია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადმოვიყვანთ მკაცრ საკარანტინო სივრცეში, რომ უფრო მეტად იყოს გაკონტროლებული“, – განაცხადა რწმუნებულმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულმა პაციენტმა „კოვიდ-19“-ის დადასტურებამდე კლინიკებს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, როგორც გუბერნატორი ამბობს, ამ კლინიკებში პერსონალი დაცული იყო და გავრცელების რისკი არ ყოფილა.

ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ინფიცირებული თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანეს.