ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება
ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება

ჩვენ კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა გუშინ გავმიჯნეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან, იმდენად, რამდენადაც ვხედავდით რისკებს, იქ არის დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა ფიქსირდება. დღეს, ამ შედეგიდან გამომდინარე, ვიღებთ ზომებს. დაწყებულია უკვე პროცესი, რათა ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი ბოლნისი და რაჭისუბანი“, – განაცხადა რეხვიაშილმა.

მისი თქმით, ახალ ინფიცირებულთა კონტაქტები დგინდება.

„ბუნებრივია, კონტაქტები დგინდება,  ყველა ზომაა მიღებული, რათა ეს ხალხი იყოს მკაცრ საკარანტინო პირობებში და თვითოიზოლაციაში, თუმცა როგორც ხედავთ, დაავადება ვრცელდება. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გავუმკლავდებით ამ პროცესებს და ეს შეზღუდვები გაგრძელდება და უფრო გამკაცრდება.

ამიტომ, კიდევ ერთი თხოვნაა, მიუხედავად ძალიან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ყველამ უნდა გაიგოს ადეკვატურად და განსაკუთრებით ამ ეტაპზე ჩემს მხარეში, ქვემო ქართლში – მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებსა და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, გუშინ დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.