ბოლივიის ახალმა ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ში ელჩი დანიშნა
ბოლივიის ახალმა ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ში ელჩი დანიშნა

ბოლივიის ახალმა ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ში ელჩი დანიშნა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აშშ-ში ბოლივიის ახალი ელჩი, უოლტერ ოსკარ სერატე კუელიარი წარსულში გაერო-ში ბოლივიის წარმომადგენელი იყო.

2008 წელს ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა ამერიკელი ელჩი, ფილიპ გოლდბერგი სეპარატისტულ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა და პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.

საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოდ შეაფასა და აშშ-ში ბოლივიის ელჩი ქვეყნიდან გააძევა.

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ევო მორალესმა საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ კი მასობრივი დარღვევების შესახებ განაცხადა.

თავდაპირველად ევო მორალესმა ახალი არჩევნები დანიშნა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის პოსტი, შემდეგ კი ქვეყანა დატოვა. გარდამავალი ხელისუფლება სენატის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ჯანინ ანიესმა ჩაიბარა.