ნიგერიაში „ბოკო-ჰარამის“ წინააღმდეგ მებრძოლებმა 800 მოზარდი გაათავისუფლეს. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა დაცვის სააგენტო UNICEF-ი იუწყება. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის მიერ გასამხედროებული მოზარდების გათავისუფლება მათსა და გაერო-ს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გათავისუფლებულების 40 პროცენტი 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ზოგი მათგანი მხოლოდ 11 წლამდე ასაკისაა.
დაჯგუფება „ბოკო-ჰარამის“ წინააღმდეგ მებრძოლი ერთობლივი სამოქალაქო ჯგუფი 2013 წელს შეიქმნა. გაერო-ს ცნობით, ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლები ოპერაციებში მოზარდებს აქტიურად იყენებდნენ. საერთო ჯამში, მათ რიგებში შესაძლოა, სამ ათასამდე მოზარდი ირიცხებოდეს. მათი ნაწილი გოგონები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ცნობით, ერთობლივი სამოქალაქო ჯგუფი მოზარდებს სადაზვერვო ოპერაციებში იყენებენ. ამასთან, ბავშვები მონაწილეობას იღებენ ღამით ჩატარებულ პატრულირებაში და აკონტროლებენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს.
ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო-ჰარამი“, რომელსაც ერთობლივი სამოქალაქო ჯგუფი ებრძვის, ბოლო რამდენიმე წელია, ნიგერიის მოსახლეობაზე აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს. 2009 წლის შემდეგ ტერორისტებმა 27 ათასი ადამიანი შეიწირეს. საპასუხოდ, ნიგერიის და სხვა მეზობელი სახელმწიფოების მთავრობებმა ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს.