ბოგდან აურესკუ - მინისტერიალზე ვგეგმავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განხილვას, მხარს დავუჭერთ მათ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით
ბოგდან აურესკუ - მინისტერიალზე ვგეგმავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განხილვას, მხარს დავუჭერთ მათ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით

მინისტერიალზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ვგეგმავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განხილვას, რომელზედაც მხარს დავუჭერთ მათ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისსავე თქმით, მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების პროცესი გაგრძელდეს.

„ასევე, ვიმედოვნებ, დეკემბერში გვექნება ნაყოფიერი სამიტი დამაჯერებელი, პროგრესული და კონკრეტული შედეგებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, რომელშიც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრებ სამხრეთ კავკასიაში ავსტრიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ივნისის თვეში ვიზიტისას გაკეთებული დასკვნების შესახებ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში მნიშვნელოვანია და ევროკავშირმა მათ დარეგულირებაში მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის უსაფრთხოების სივრცე უფრო უნდა განვითარდეს არა მარტო ამ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარების, არამედ ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მათი ძალისხმევის გაზრდის კუთხით“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ბოგდან აურესკუს თქმით, დეკემბრის თვეში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იგეგმება კონკრეტული, მომავალზე გათვლილი და გრძელვადიანი ერთობლივი დეკლარაციის მიღება, რომლის მომზადება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

აურესკუს განცხადებით, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კონკრეტული მხარდაჭერა უნდა უჩვენოს მათი ევროპული მისწრაფებების საკითხში.