ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი - პარტიებმა რომ აღარ გამოიყენონ პეტრე ცაავა, მივიღებთ ზომებს, რასაც იმსახურებს
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი - პარტიებმა რომ აღარ გამოიყენონ პეტრე ცაავა, მივიღებთ ზომებს, რასაც იმსახურებს

პარტიებმა რომ აღარ გამოიყენონ პეტრე ცაავა, მივიღებთ ზომებს, რასაც იმსახურებს, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას.

მთავარეპისკოპოსის აზრით, პეტრე ცაავა „აუცილებლად იმსახურებს განკვეთას“.

„გუშინდელი ფაქტი – შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა. შეიჭრებოდნენ ხოლმე ეკლესიაში და ეს ვნახეთ გუშინ. ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ და აგებენ“, – აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ რჯულის კანონით, როგორც ეპისკოპოსი დაუწესებს, ისე უნდა მსახურებდეს სასულიერო პირი.

„ის ხალხი მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდა და თავიანთ ლიდერად მოიხსენიებდა პეტრეს. ეგენი უკვე ემსგავსებიან სექტას. ზოგიერთ ტელეარხზე ვუსმინე, აქეთ ეპარქიის დადანაშაულება უნდოდათ. აშკარად ჟურნალისტები მათ უკან იდგნენ, ვისაც შეჭრა უნდოდა. რჯულის კანონით, როგორც ეპისკოპოსი დაუწესებს, ისე უნდა მსახურებდეს სასულიერო პირი. დიაკონი არ დაემორჩილა ეპისკოპოსს, ეპისკოპოსთან ერთად წირვაზე დგომა არ უნდოდა“, – აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.