ბოჭორიშვილის კლინიკის ოთხი ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ორი თეთრიწყაროდან არის, ორი კი, თბილისის ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება

10:37, 29.04.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ოთხი ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, 18 წლამდე ასაკის მოზარდი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა. 18 წლამდე ასაკის 10 პაციენტი გვყავს.  დაგვემატა ასევე ოთხი ახალი პაციენტი. ინფიცირებულთა შორის მძიმედ რჩება ერთი, 40 წლამდე პირი, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს, თუმცა ანამნეზი არ არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტების ნაწილი თეთრიწყაროდან არის.

„ახალი პაციენტებიდან ნაწილი დადასტურებული შემთხვევით გადმოიყვანეს თეთრიწყაროდან. დანარჩენი ორი პაციენტი თბილისის ერთ-ერთი კლასტერიდანაა – დედა-შვილი, დედა მკურნალობდა „კოვიდზე“ და ბავშვსაც გამოუვლინდა სიმპტომები“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე კვლევაში ამ დროის მონაცემებით რვა პაციენტი ჩაერთვება.

მსგავსი