ბოჭორიშვილის კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან ერთი ექვსი წლის მოზარდია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან ერთი ექვსი წლის მოზარდია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, დღეის მდგომარეობით, 63 პაციენტი მკურნალობს, აქედან „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევა 54-ს შეადგენს, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკას გუშინ  კოვიდინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შეემატა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან – ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან. ასევე გვყავს ცხრა 18 წლამდე ასაკის პაციენტი. გარდა ამისა, კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, მათგან ერთი არის ექვსი წლის მოზარდი, დანარჩენი არიან მოზრდილები“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან ექვსი შემთხვევა საყურადღებოა.

„მძიმე პაციენტი არ გვყავს. ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განაგრძობენ მკურნალობას. რაც შეეხება თეთრიწყაროელ მედდას, რომელსაც ახალი კორონავირუსი ორჯერ არ დაუდასტურდა და მკურნალობდა სხვა კლინიკაში პნევმონიით, მას გაწერიდან რამდენიმე დღეში დაუდასტურდა „პისიარ“ კვლევით კოვიდინფექცია, ახლა ჩვენთან მკურნალობს, მისი მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოხატულია ორმხრივი პნევმონია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.