ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტია, რომელთაგან ათი კორონავირუსით არის ინფიცირებული
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტია, რომელთაგან ათი კორონავირუსით არის ინფიცირებული

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან ათი არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ინფექციონისტმა, თამარ ბადურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთაგან ორი ახალი, დღეს დადასტურებული შემთხვევაა.

„ორივე არის ჩვენს კლინიკაში არსებული წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტი, ოჯახის წევრები. სხვა კლასტერი არ გახლავთ. დანარჩენი პაციენტებიდან რვა პაციენტის მდგომარეობა და ორი ახალის გახლავთ სტაბილური. ერთს გამოვყოფდი, რომელიც ამ პაციენტებთან შედარებით უფრო მძიმეა, თუმცა ამ მომენტისათვის მასთანაც ვახერხებთ სტაბილიზაციას. ათი პაციენტიდან ორი გახლავთ 18 წლამდე ასაკის, ორივე გახლავთ სტაბილური, ემორჩილება პროტოკოლით გათვალისწინებულ კომპლექსურ მკურნალობას. დღეს კვლევაში ჩაერთო 21 პაციენტი. 21 პაციენტიდან ექვსი გახლავთ 18 წლამდე ასაკის. სხვადასხვა ისტორიით არის ყველა ეს პაციენტი. უკვე მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია განარჩიო ამ პაციენტების უშუალო კონტაქტებია თუ უბრალოდ შიდა გადაცემის რაიმე გზა. ორი არის დღის მეორე ნახევარში შემოსული, რომელიც ხვალ დილით ჩაერთვება კვლევაში“, – განაცხადა ექიმმა თამარ ბადურაშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთაგან ერთი, საშუალო ასაკის მამაკაცი შედარებით მძიმეა, მისი თანმხლები ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით. თუმცა, ექიმის განცხადებით, პაციენტთან ინარჩუნებენ სტაბილიზაციას და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.

ექიმის განმარტებით, არასრულწლოვანი პაციენტებიდან ერთს აღენიშნება პნევმონია, ხოლო მოზრდილი პაციენტებიდან ხუთთან არის ორმხრივი პნევმონია, თუმცა ერთის გარდა, ყველასთან არის დადებითი დინამიკა. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, რომლებიც ახალი ოჯახური კლასტერიდან არიან, მათგან არც ერთს პნევმონია არ აღენიშნება.

„ორი ახალი პაციენტი გახლავთ ეროვნული ბანკის კლასტერი, წინა დღეებში ჩვენთან დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები. რაც შეეხება დღეს მოსულ პასუხებს, მათგან ორი განმეორებითი კვლევა იყო გაჯანმრთელების შესახებ“, – აღნიშნა თამარ ბადურაშვილმა.

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტები, რომლებთანაც გამოჯანმრთელება შეინიშნება, აგრძელებენ მკურნალობას, რადგან მათი პასუხები კვლავ დადებითი იყო.

„მათთან არ არის სრული გაჯანმრთელება, არიან კვლევაში. მათთან მიმდინარეობს განმეორებითი ფაზების შესაბამისად გამოჯანმრთელების კვლევები. ჯერჯერობით არ ეწერებიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი კიდევ საჭიროებენ დამატებით პისიარ ტესტს. ამ ეტაპზე არ არის სრულად დადებითი მათი პასუხები გამოჯანმრთელებაზე“, – განაცხადა ექიმმა თამარ ბადურაშვილმა.