ბობ არუმი - დანა ვაიტის ქმედებები სრულიად გაუმართლებელი და სახიფათოა
კრივის პრომოუტერმა ბობ არუმმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი გააკრიტიკა. არუმის განცხადებით მისმა სპორტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და არა ისე მოიქცეს, როგორც ვაიტი.
როგორც ცნობილია, UFC გულშემატკივარს 9 მაისს უბრუნდება. მიმდინარე თვეში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოთხი ღონისძიება შედგება. ქარდებს ჯექსონვილის არენა უმასპინძლებს.
„მე მათ წარმატებას ვუსურვებ. იმედს ვიტოვებ, რომ მათი აქტიურობა და სითამამე მსოფლიო სპორტსა და ადამიანების ჯანმრთელობას არ დააზიანებს. ამგვარი „კოვბოის“ ქმედებები კარგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნევადისა და კალიფორნიის მაღალჩინოსნებთან და ვიმედოვნებთ, რომ ივნისში შევძლებთ დაბრუნებას. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ზომები შესაბამისი იქნება და საფრთხე არ იარსებებს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიმეოროთ დანა ვაიტის შეცდომები. მე არ მსურს ამ საქმეში პოლიტიკოსების ჩარევა. ერთს გეტყვით, მე საერთოდ არ ვცემ პატივს ვაიტის ამ გადაწყვეტილებას და იმას რასაც ეს ადამიანი ამჟამად აკეთებს“, – განაცხადა ბობ არუმმა BoxingScene.com-თან მიცემულ ინტერვიუში.