„ბლუმბერგი“ - ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სექტემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა
„ბლუმბერგი“ - ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სექტემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სექტემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლში მუშაობენ რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკზე, რათა მან ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობა შეძლოს.

ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ პუტინის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ, ვლადივოსტოკში დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმი ერთი კვირით გადაიტანეს, რათა პუტინს მეტი მანევრირების შესაძლებლობა მიეცეს, ასევე, ინდოელ და ჩინელ მაღალჩინოსნებს ფორუმზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„დიდი ოცეულის“ ლიდერთა შეხვედრა 9-10 სექტემბერს არის დაგეგმილი. ინდოეთს რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე ფორმალურად მიწვეული ჰყავს.

გასულ წელს პუტინი ინდონეზიაში გამართულ შეხვედრას არ დაესწრო. მის ნაცვლად, რუსეთს ბალიზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოტოვა ერთი წლით ადრე რომში გამართული „დიდი ოცეულის“ შეხვედრა.